თარიღი: 05/06/2019

აქტივიზმი ყოველთვის საფრთხეშია

აქტივიზმი საქართველოში საფრთხეშია - ალბათ, არა მარტო საქართველოში, მაგრამ ჩემთვის ესაა უპირველესად საგანგაშო და ამიტომ მოგმართავთ - საქართველოში აქტივიზმი საფრთხეშია!

არა და ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ყველაზე ხელშესახები პოზიტიური ცვლილებები ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ აქტივიზმს შეუძლია მოიტანოს, სოციალურ მოძრაობებს შეუძლიათ გამოიწვიონ.  ეს არაა თეორიული განაცხადი, ამის არა ერთი მაგალითი ჩვენც გვაქვს, და არა ერთ სფეროში. აქტივისტები და აქტივისტური კამპანიები არის ის ძალა, რომელიც მოქალაქეებს ზრდის, სამოქალაქო საზოგადოებას ავითარებს და სამართლიანობის შეგნებას უყალიბებს. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, რისთვის გვჭირდება აქტივიზმი, მაგრამ მგონი არაა საჭირო, რადგან  ეს, ვფიქრობ, უკვე ვიცით. 

ახლა უნდა ვთქვათ, რა სჭირდება თვითონ აქტივიზმს. 

ის რაც აქტივიზმს სჭირდება და მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის რამდენიმე მნიშველოვანი კომპონენტის ერთობლიობა: გამოხატვის თავისუფლება და ხილვადობა, სოლიდარობა და მხარდაჭერა,  უსაფრთხოება და დაცულობა, აღიარება და პატივისცემა. აქტივიზმს ეს ყველაფერი ერთად სჭირდება, იმისათვის, რომ ისუნთქოს, იმისათვის, რომ გამოცოცხლდეს და თვითორგანიზება შეძლოს, იმისათვის, რომ გაძლიერდეს და გავლენის მომხდენი ძალა გახდეს. და რომელიმე ერთი კომპონენტის  შეზღუდვა, ასუსტებს და ზღუდავს მთლიანად მოძრაობას, უპერსპექტივობას და გულგატეხილობას  აღვივებს, დროს აკარგვინებს ფუჭად. 

ასეა ყველაგან, მაგრამ ამ დროს რა ხდება ჩვენთან? ჩემდა სამწუხაროდ უნდა გულწრფელად ვთქვა, რომ ყველა ეს მთავარი რამ, რაც აქტივიზმისთვის უპირობოდ აუცილებელია, ჩვენ საზოგადოებაში გვარიანად მორღვეულია და ეს რღვევა ეხება, მის, როგორც გარე, ისე შიდა ქსოვილს და განპირობებულია როგორც გარე, ისე შიდა პრობლემებით. 

ის, რომ ყველგან და ყოველთვის ხელისუფლება ცდილობს და ეცდება ამ რღვევით არა მარტო ისარგებლოს, არამედ ეს თავადაც გამოიწვიოს, აქტივისტების გახლეჩვით, ლიდერების გადაბირებით, თუ დისკრედიტაციით და სხვ., ეს საყოველთაოდ ცნობილია. ქვეყანა, სადაც დისკრიმინაცია და ძალადობა ყოვლდღიური პრაქტიკაა, ხოლო სახელმწიფო სუსტია საიმისოდ, რომ უფლებადამცველების, თუ აქტივისტების უსაფრთხოება და უფლებები დაიცვას, მოძრაობები უკვე  a priori დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. ამ მოცემულობას ემატება, მეორე, საზოგადოების რეტროგრადული, ცვლილებების არმოსურნე ნაწილი, რომელიც სახელმწიფოსგან ტრადიციების გამყარებას მოითხოვს, სხვადასხვა ფობიებითაა შეპყრობილი და ვერაფრით ეგუება აქტივიზმს. და მესამე - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი, რომელიც ცდილობს, სახელმწიფოს სისუსტეს საერთაშორისო რეზონანსი მიანიჭოს და ამ გზაზე ნებისმიერ ფასად გამოიყენოს აქტივიზმი, ხშირად დიდი რისკის ფასადაც. 

და ეს ერთი შეხედვით განსხვავებული, მაგრამ რეალურად ერთმანეთის შემავსებელი სამი პრივილეგირებული მოთამაშე აქტივიზმს გარიყვის, მარგინალიზაციის და დისკრიმანაციის სამიზნედ იხდის, სხვადასხვა ფლანგიდან უტევს მას და საფრთხეს უქმნის, როგორც გარე ხელშემშლელი და სივრცის შემავიწროვებელი ფაქტორი. და რა ხდება ამ დროს შიგნით? 

აქტივისტებს ყველაზე გამოყენებადი პლატფორმა დიალოგისთვის და შეხედულებების გასაცვლელად ახლა ფეისბუქი აქვთ. ამიტომაც აქტივიზმის შიდა ქსოვილის რღვევა სწორედ ამ პლატფორმიდან ჩანს ხოლმე ნათლად.   მე ახლა ამას ერთი მოძრაობის მაგალითზე ვწერ, თორემ განზოგადების საშუალებას სხვა მოძრაობების რღვევის შემთხვევებიც იძლევა, თუმცა ახლა არ დავკოკრეტდები. მგონია, რომ სხვადასხვა მოძრაობის აქტივისტები ადვილად დაინახავენ აქ თავიათ შიდა პრობლემებს. 

აქტივიზმის შიდა ქსოვილი, ვერასოდეს იქნება ჰომოგენური, გაპრიალებული და „უნიფორმა“, ეს ყველასთვის ცხადია, ამიტომაც ყოველთვის სჭირდებათ აქტივისტებს სივრცე, სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კამპანიების დასაგეგმად და სხვ., მაგრამ ის რაც პერიოდულად, პრინციპული გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დროს მათ ემართებათ, გაძლიერების ნაცვლად, აქტივიზმს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის, მის სიცოცხლისუნარიანობას აფერხებს და რაც ყველაზე მთავარია, უბრალოდ ანგრევს ადამიანებს, რომლებიც გულანთებულები იბრძვიან საერთო მიზნისთვის. ეს პარადოქსია, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე ჩვეულ პრაქტიკად იქცა... ის, რაც აქტივისტებს ემართებათ - აგრესიულობა, დაძაბულობა ურთიერთობაში, ცინიზმი, უსამართლობის მაღალი მგრძნობელობა, სტრესი და შფოთვა, დეპრესია -  ეს ყველაფერი, გადაღლის/გადაწვის სიმპტომებია, შიდა ქსოვილის არაჯანსაღი ტრანსფორმაციის გამოხატულებაა. ხოლო ჩემთვის, აქტივიზმის ერთი მხარდამჭერისთვის, ნამდვილად დიდი საწუხარი და თავისტკივილია, ამიტომაც მივეცი ჩემს ატკივებულ თავს უფლება, მოგმართოთ და მივმართო თქვენს მხარდამჭერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, ფონდებს, უბრალოდ, საკითხით დაინტერესებულ  მოქალაქეებს:

თუკი გვინდა სოციალური ცვლილებების კონკრეტული შედეგების მიღწევა, უნდა შევცვალოთ აქტივისტებისადმი ჩვენი მიდგომა, და უპირველესად გამოვიდეთ აქტივისტების საჭიროებებიდან; შევცვალოთ და გადავიაზროთ, აქტივისტებს და გარე აქტორებს შორის ურთიერთობის პატერნები; გავაცნობიეროთ, რომ მათი საქმიანობა საფრთხესთან და რისკთან არის დაკავშირებული და ამ ადამიანებით მანიპულირება დაუშვებელია; მხარდამჭერებმაც უნდა გავიზიაროთ მათი პასუხისმგებლობა, არასოდეს დავტოვოთ ისინი მარტო, ოღონდ ისე, რომ არასოდეს ვიმოქმედოთ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ; ვიზრუნოთ მათზე და დავეხმაროთ აქტივისტებს საკუთარ თავზე ზრუნვაში; შევეცადოთ შევქმნათ თავისუფალი, ინკლუზიური სივრცეები, სადაც ყველას გულწრფელად და თანასწორად ექნება პოზიციის დაფიქსირების საშუალება. 

და ბოლოს, თუ აქტივისტები თვითონ ვერ გააცნობიერებენ საკუთარ საჭიროებებს, ვერ მართავენ საკუთარ ემოციებს, დროს და ენერგიას, კოლექტიურ ზრუნვას და თანამებრძოლთა მხარდაჭერას ისინი ვერასოდეს შეძლებენ.  

ეს აქტივიზმის კულტურაა, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევქმნათ. სხვა შემთხვევაში, აქტივიზმი, საზოგადოების ერთერთი ყველაზე ჯანსაღი მოვლენა, დაავადდება და შეწყვეტს არსებობას. დიახ, დღეს აქტივიზმი, ამ საფრთხის წინაშე დგას.  

 

ნანა ფანცულაია, 

აღმასრულებელი დირექტორი,

ქალთა ფონდი საქართველოში .

 

ფოტო: იანა კორბეზაშვილი, civil.ge