თარიღი: 30/06/2019

გარემოსდაცვითი სამართლიანობა და ქალთა უფლებები

21 ივნისს, ქალთა ფონდმა საქართველოში We Research-ის მიერ მომზადებული კვლევის “სიტუაციური ანალიზი და რეკომენდაციები გარემოსდაცვით სამართლიანობასა და ქალთა უფლებებზე საქართველოში” პრეზენტაცია გამართა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გარემოსდაცვით და გენდერულ საკითხებს შორის სუსტი კავშირის მიუხედავად, ნელ-ნელა ხდება ამ ორი თემის ურთიერთმიმართების წინ წამოწევა.

We Research-ის მიერ მიმოხილული, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები ცხადად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ქალთა ჯანმრთელობაზე გარემოში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს. მაგ. ქალებს უფრო ხშირად უწევთ წყლის რესურსის გამოყენება, შეშის ღუმელთან მეტ ხანს ყოფნა, მეტი მანძილის გავლა ბავშვებთან ერთად მაშინ, როდესაც გზები იხერგება და ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. კენიაში, წყლის მოატანა ოჯახში კენიელი ქალების დღიური ენერგიის 85% მოიხმარს; გვალვის პერიოდში, ქალთა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და ისინი დღეში დაახლოებით 8 საათს ხარჯავენ იმაზე, რომ როგორმე წყალი მოიპოვონ.

ამასთან, ქალებს უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული ბუნებრივი კატასტროფების დროს გადარჩენისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. მაგალითად, ცურვა, ხეზე ასვლა, სირბილი და ა.შ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი თვისებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, როგორც ცენტრალურ, ისე - ადგილობრივ დონეზე, აღნიშნავენ, რომ გენდერისა და გარემოს საკითხების კვეთის პოლიტიკის დონეზე დარეგულირება მნიშვნელოვანია და აუცილებელი, თუმცა, ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს, ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციები დგამენ და ცდილობენ გარემოსდაცვითი პოლიტიკის დოკუმენტების გენდერული სენსიტიურობის გაზრდას.

კვლევითმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ ყველა დოკუმენტი, რომელშიც გენდერული საკითხების ხაზგასმა ხდება, ცენტრალურ დონეზე შექმნილი დოკუმენტებია, მუნიციპალურ დონეზე კი არ შემუშავებულა არც ერთი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც გენდერული და გარემოსდაცვითი საკითხების ურთიერთკვეთაა გამოხატული. პრეზენტაციის ბოლოს წარმოდგენილ რეკომენდაციებს შორის იყო: პოლიტიკის დეტალური სამოქმედო გეგმების შემუშავება, ჩართული მხარეებისთვის გენდერულ მეინსტრიმინგზე კომპეტენციების გაძლიერება, ჩართული მხარეების საერთო პლატფორმის შექმნა, გარემოს დაცვაზე ინფორმაციის უფრო ფართო მასებამდე მიტანა; აგრეთვე, მოწყვლადი ჯგუფების სპეციფიკის გათვალისწინება და მათთვის ინფორმაციის შესაბამისი სახით მიწოდება.

კვლევა განხორციელდა გერმანული ქალთა ფონდის filia.die frauenstiftung ფინანსური მხარდაჭერით.

 იხილეთ კვლევის პირველი და მეორე ფაზები