თარიღი: 25/06/2020

ქალთა ფონდი ფემინისტურ რეზიდენციას აშენებს

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა მიწის ნაკვეთის ყიდვა გადავწყვიტეთ. ქალებს, როგორც წესი, ქონება არ გაგვაჩნია, ქალები ღარიბები ვართ, ჯერ კიდევ ყველგან, დედამიწის ყველა კუთხეში. ქალების საკუთრებაში მსოფლიო მიწის 20%-ზე ნაკლებია, ეს მაშინ როცა დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ქალია, მსოფლიოს 90 ქვეყანაში ქალებს მიწის საკუთრების უფლებაც კი არ აქვთ.  ჩვენი ნაკვეთი ნახევარი ჰექტარია, მაგრამ ამით მსოფლიო მიწის იმ 20 პროცენტს ვზრდით, რომელიც ქალებს ეკუთვნის, სულ უმნიშვნელოდ, მაგრამ სიმბოლურად მაინც ვზრდით.  მიწის ქონა ჩვენთვის პოლიტიკური აქტია. 

ქალებს არც საკუთარი სივრცეები გვაქვს, ესეც იგივე მიზეზით. სივრცის ქონა ავტონომიურობას ნიშნავს, ქალის ავტონომიურობას კი ცხოვრების პატრიარქალური წესი ვერ ეგუება, რადგან ავტონომია თვითდაჯერებულობაა, თავისუფალი და თამამი ქმედებაა, საკუთარი თავის და ძალის ფლობაა. ჩვენს მიწის ნაკვეთზე ფემინისტური სივრცის მშენებლობა დავიწყეთ.  სივრცის ქონა ჩვენთვის პოლიტიკური აქტია. 

სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა ჩვენგან ისეთი სივრცის შექმნას მოითხოვს, რომელიც ადამიანს და ბუნებას ერთნაირად გაუფრთხილდება. ჩვენი სივრცე მწვანე სივრცეა, ის ხისა და ნამჯისგანაა ნაშენი, ეს ადგილია, სადაც გარემო დაცულია და ბუნებრივი რესურსები ეკონომიურადაა დახარჯული. ესაა შენობა, რომელიც სუნთქავს. ის მდგრადია და ენერგო ეფექტური.  მწვანე სივრცის ქონა ჩვენთვის პოლიტიკური აქტია.

მწვანე/ეკოლოგიური კონცეფციის ნამჯის შენობა (600 კვ.მ. ფართობის) უფასოდ მოემსახურება ქალთა და ადამიანის უფლებების, მწვანე, ფემინისტ აქტივისტებს, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, და ადგილობრივ ქალებს - შეხვედრების, კონფერენციების, ვორკშოპების, პრეზენტაციების, სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და მსგავსი საქმიანობების წარმართვისთვის, რადგან ცენტრის მიზანია იზრუნოს სხვადასხვა სოციალურ მოძრაობების ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაზე. ასევე, ეს იქნება რეზიდენცია ქალი არტივისტებისა და მწერლებისთვის - სივრცე განმარტოებისა და მუშაობისთვის, სადაც შეძლებენ, გარკვეული დროით იცხოვრონ, სანაცვლოდ კი იზრუნონ კარ-მიდამოსა და სათემო ბაღზე. ცენტრის უფასო სერვისების ადმინისტრირებისა და ფინანსური მდგრადობისათვის, სივრცე დამატებით გამოყენებული იქნება კომერციული მიზნით.

შეიტანე შენი წვლილი ფემინისტური რეზიდენციის მშენებლობაში