თარიღი: 25/09/2017

ფემინისტრიმი: ქალების პერსპექტივა უკანასკნელი წლების ქართულ კინოში

უკანასკენლი წლების ქართული კინოს წარმატება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ქალ რეჟისორებს. ქალი პროტაგონისტის გარშემო აგებული ფილმები ქალის როლისა და ადგილის გადააზრებაზე მეტად ამ უკანასკნელზე ემპირიულ დაკვირვებასა და სოციალური პრობლემის კონსტატაციას გვთავაზობს. ქალის პრობლემა მეტწილად სოციალურ ჭრილში განიხილება, ვიდრე გენდერულში, რომელიც თავისთავად სოციალურ ასპექტსაც მოიცავს, მაგრამ გაცილებით ფართო და კომპლექსურია. თუმცა რამდენიმე ფილმი მაინც გამოირჩევა მკვეთრად დასმული ფემინისტური აქცენტებით. შეიძლება თანამედროვე ქართული კინო ჯერ მკაფიოდ ვერ აჩვენებს რადიკალურად განსხვავებულ გენდერულ რეპრეზენტაციებს, მაგრამ უკვე შეინიშნება - და უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქალი რეჟისორების ფილმებში - რომ სამყარო ა(ღა)რ არის მკვეთრად განსაზღვრული წარმოდგენების ჯამი, რომელიც „მამებმა“ დაგვიკანონეს. ის გახსნილი სივრცეა, სადაც მნიშვნელობებს ყველა ჩვენგანი ვქმნით.