თარიღი: 26/06/2019

ქალები და სტალინი

 

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ჩვენთან სტალინურ რეპრესიებზე საუბარი დიდად არ უყვართ - ძირითადად ერიდებიან.  მათ შორის მათ, ვის წინაპრებსაც წითელი ტერორი უშუალოდ  შეეხო. ასეთი ადამიანი კი ბევრია. ცნობილია, რომ საქართველო მსხვერპლთა რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე იყო რესპუბლიკებს შორის. ისიც ცნობილია, რომ აქ ტერორი გასაბჭოებისთანავე დაიწყო და დიდხანს გასტანა, თუმცა 30-იანი წლების რეპრესიები ყველაზე მასშტაბური და სასტიკი იყო.

რეპრესიებზე დუმილი ბევრი მიზეზით შეიძლება ავხსნათ: ჩვენთან წარსულის შესახებ ცოდნა მყიფე და ფრაგმენტულია; ვერ ვთანხმდებით მნიშვნელოვანი მოვლენების არათუ შეფასებაში, არამედ სახელდებაშიც კი; არ მიგვიღია  ლუსტრაციის კანონი; განადგურებული ან ხელმიუწვდომელია არქივები; არამდგრად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში თითქმის არასოდეს გვრჩება დრო და ენერგია უახლოეს ისტორიაზე სასაუბროდ; ვერ გამოვიგლოვეთ და პატივი ვერ  მივაგეთ მსხვერპლს; ვერ დავძლიეთ ტრავმა და რაც ყველაზე მთავარია, თავი ვერ დავაღწიეთ სტალინს, როგორც დიდ ქართველსა და დიდ ბელადს.

ამ  ფონზე, ალბათ გასაკვირი  არცაა,  რომ რეპრესიებს გენდერულ ჭრილში არასოდეს განვიხილავთ. ეს ის საკითხია, რომელზედაც ახლა მინდა ვისაუბრო.

ეს არაჩვეულებრივი ხმა მარო თარხნიშვილს ეკუთვნის, პირველ ლოტბარ ქალს საქართველოში. მარო თარხნიშვილის  მეუღლე 20-იანი წლების რეპრესიებმა იმსხვერპლა. ის დახვირტეს. ცნობილია, რომ მარომ დახვრეტას ძლივს გადაარჩინა 15 წლის შვილი და შემდეგ იძულებული გახდა დარჩენილი სიცოცხლე ტოტალიტარულ სისტემასთან თანაცხოვრებსა და კონფირმიზმში გაეტარებინა. ვინ იყვნენ ქალები, ვინც სისტემამ დასაჯა?

როგორ შეეხოთ მათ სტალინური ტერორი?

ალბათ, ძნელია თქვა, რა იყო სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა, მაგრამ უკიდურესი იყო დახვრეტა. ხვრეტდნენ ქალებსაც. ასე ისინი ისჯებოდნენ, ვისაც, კაცების მსგავსად, ძალაუფლებასა და რესურსებზე ჰქონდათ წვდომა -  მაგალითად, მარიამ ორახელაშვილს ან ლიდია გასვიანს. გასვიანიც და ორახელაშვილიც აქტიურად იყვნენ ჩაბმული ბოლშვიკურ ფემინიზმში, ისინი პოლიტიკასაც ქმნიდნენ -  გასვიანი საგამომცემლო საქმეში, ორახელაშვილი - საგანმანათლებლოში. ცნობილია, რომ მათ დიდხანს აწამებდნენ - ისევე სასტიკად, როგორც კაცებს.  ვარაუდობენ, რომ ორახელაშვილი ჩეკას წამებაში შემოაკვდა, სხვათაშორის მანამდე, სანამ ქმარს - ცნობილ ბოლშევიკ პოლიტიკოსს, მამია ორახელაშვილს ან სიძეს, ცნობილ დირიჟორს ევგენი მიქელაძეს გაანადგურებდნენ. მარიამი ოფიციალური დოკუმენტებით დახვირტეს. ის ბევრი რეპრესირებულის მსგავსად, უდანაშაულოდ ცნეს სტალინის სიკვდილის შემდგომ.. 

ისჯებოდნენ სიმბოლური ძალაუფლების მქონე ქალებიც. მაგალითად, პირველი რესუბლიკის პარლამენტარი ქალებიდან ორი მათგანი - ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე და ანა სოლოღაშვილი დახვრიტეს; მინადორა ორჯონიკიძის ოჯახი გაანადგურეს, თავად ის კი რამდენჯერმე გადაასახლეს.

გადასახლებულ ქალთა რიცხვი ძალიან დიდი იყო. მათ გულაგებით სჯიდნენ. გულაგები წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაფანტულ იძულებით შრომის ბანაკებს. გულაგებმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.  აქ,  მეტწილად, უდანაშაულო ქალებსა და კაცებს  არაადამიანურ პორობებში უხდებოდათ უმძიმესი შრომა. საბჭოთა ეკონიმიკა და სტალინური ინდუსტრიალიზაცია ზუსტად  გულაგის პატიმრების მონურ შრომაზე იდგა. კატორღებში მოხვდა უდანაშაულო გლეხობა, კრიმინალები და რა თქმა უნდა ისინი,  ვინც თავისი არსებობით ოდნავ მაინც შეუქმნა საფრთხე ტოტალიტარულ სისტემას. რა თქმა უნდა, საფრთხეს, პირველ რიგში, პოლიტპატიმრები წარმოადგენდნენ,  მათ შორის, ქალები. მაგალითად, ლიზიკო ქავთარაძე, რომელმაც გადასახლებაში 28 წელი გაატარა. თუ ლიზიკო ქავთარაძის მემუარებს გაეცნობით, კარგად დაინახავთ როგორ ექცეოდა სტალინური სისტემა განსაკუთრებით ნიჭიერ, მოაზროვნე და პოლიტიკური ალღოს მქონე  ადამიანებს  - ისეთებს, როგორიც ქავთარაძე იყო.

გულაგებში 1937 წლიდან გაჩნდა  “კრიმინალთა” ახალი კატეგორია - სამშობლოს მოღალატეთა ცოლები. მათი “დანაშაული”  დახვრეტილი პოლიტიკური და სამხედრო ელიტის, ასევე  ინტელიგენციის ცოლობა იყო - სხვა არაფერი.  ოფიციალურად,  მათ ბრალი იმაში დადეს, რომ შესაბამის ორგანოებს   ქმრების “ანტისახელწმიფოებრივი” საქმიანობის შესახებ არ შეატყობინეს. სინამდვილეში, კი გულაგებზე დაფუძნებულ საბჭოთა ეკონომიკას ეს ქალებიც სჭირდებოდა, როგორც მუშახელი, ხოლო სტალინურ პატრიარქალურ სისტემას სწყუროდა მათზე, თუნდაც სიმბოლური ბატონობა.

ამ ქალების ნაწილი გულაგის იერარქიებს, არაადამიანურ შრომასა თუ სექსუალურ მონობას შეეწირა, ნაწილი გადარჩა. აღსანიშნავია, რომ გულაგის მეხსიერება მეტწილად სწორედ გადარჩენილმა ქალებმა შემოინახეს  -  ძირითადად იმ ფრაგმენტული მონათხრობით, რასაც ისინი შვილებთან ან შვილიშვილებთან ყვებოდნენ. მაგრამ ტრავმა იმდენად  დიდი და ტკივილი იმდენად მოუშუშებელი იყო, რომ ქალები ძირითადად დუმდნენ. ზოგადად, გულაგმა, რეპრესიებმა, საბჭოთა პროპაგანდამ და სტალინის კულტმა იმდენად მოარღვია ოჯახური ქსოვილები, ბმა მშობლებსა  და შვილებს, ასევე თაობებს შორის, რომ რეპრესირებულებთა ოჯახებიც  და  საზოგადოებაც, დღესაც კი, სხვადასხვა ფორმით ვიმკით  მის შედგებს.

სტალინურ გულაგებს შეწირული ქალების ცხოვრება მეტწილად საბჭოთა კავშირშივე გაილია. მათ სიკვდილის ბოლომდე შიშში იცხოვრეს,  საკუთარ ცხოვრებასა და ტკივილზე საუბარი მხოლოდ ჩურჩულით შეძლეს.  იჩურჩულეს ქარაგმებითაც, მაგალითად, როგორც მარო თარხნიშვილმა. მან  მემუარებშიც კი ვერ ასხენა ქმრის დახვრეტა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაწერილ ლექსებს შეაფარა თავი. ასე შეაფარეს თავი გულაგგამოვლილმა ქალებმა  საკუთარ მეხსიერებას - თავისი მძიმე, ჩურჩულით მოყოლილი მოგონებებით გაიწოდეს ხელი  მომავალი თაობებისკენ - საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი მიზნით - იმისთვის, რომ ამ დიდ ბოროტებაზე ხმამაღლა ჩვენ ვილაპარაკოთ; იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, აღარასოდეს განმეორდეს.