თარიღი: 02/10/2017

კატო მიქელაძის პრემიაზე ნომინანტების წარდგენა დაიწყო

ქალთა ფონდი საქართველოში იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეხუთე დაჯილდოვებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი ჟიური განიხილავს.

პრემიის დაწესებიდან მეხუთე წელს, ქალთა ფონდმა საქართველოში გადაწყვიტა დაჯილდოების ფორმატი მცირედით  შეცვალოს და განიხილოს მხოლოდ ის აქტივისტები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და საქმიანობენ. ამ გზით ფონდი მათი საქმიანობის უფრო მეტად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

2013 წელს ქალთა ფონდის მიერ „კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“  დაწესების შემდეგ, ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ფონდი ჯილდოს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. ამ ფორმით ფართო საზოგადოება იგებს იმ ქალი აქტივისტების შესახებ, რომლებიც იბრძვიან ქალებისათვის თანასწორი, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.

პრემიის კრიტერიუმები

  • კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს და მუშაობდეს  საქართველოს რომელიმე რეგიონში
  • პირდაპირ უნდა იყოს ჩართული უფლებადაცვით საქმიანობაში
  • უნდა იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური
  • ხელს უნდა უწყობდეს ქალთა, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების, უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას
  • ხელს უნდა უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას

ნომინირების პირობები

- კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს

- თვითნომინირება დაუშვებელია

- ნომინირებული ვერ იქნება ორგანიზაცია

- არასრულად შევსებული ფორმა არ განიხილება

კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ნოემბერი.  საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ევროს.

2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2014 წელს კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი გახდა მარინა თაბუკაშვილი - ქალთა ფონდის „ტასო“ გენერალური დირექტორი.

დაასახელე კატო მიქელაძის პრემიის შემდეგი მფლობელი ელექტრონული ფორმით

იხილეთ გასული წლის დაჯილდოების ვიდეო