თარიღი: 26/09/2018

კატო მიქელაძის სახელობის პრემიაზე კანდიდატების წარდგენა დაიწყო

"ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეექვსე დაჯილდოვებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი ჟიური განიხილავს.

გასული წლის მსგავსად, „ქალთა ფონდმა საქართველოში“ გადაწყვიტა დაჯილდოვების ფორმატი ისევ მცირედით შეცვალოს და პრემიისთვის განიხილოს ქალთა უფლებების ახალგაზრდა (35 წლამდე) აქტივისტები. ამ გზით ფონდი ახალგაზრდა ქალი უფლებადამცველების და მათი საქმიანობის უფრო მეტად წარმოჩენას და მათ წახალისებას ისახავს მიზნად.

2013 წელს ქალთა ფონდის მიერ „კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ დაწესების შემდეგ, ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ფონდი ჯილდოს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. ამ ფორმით ფართო საზოგადოება იგებს იმ ქალი აქტივისტების შესახებ, რომლებიც იბრძვიან ქალებისათვის თანასწორი, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლის, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.

პრემიის კრიტერიუმები

  • კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს და მუშაობდეს საქართველოს ტერიტორიაზე
  • კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს
  • პირდაპირ უნდა იყოს ჩართული უფლებადაცვით საქმიანობაში
  • უნდა იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური
  • ხელს უნდა უწყობდეს ქალთა, განსაკუთრებით მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების, უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას
  • ხელს უნდა უწყობდეს ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაციას

ნომინირების პირობები

- კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს

- თვითნომინირება დაუშვებელია

- ნომინირებული ვერ იქნება ორგანიზაცია

- არასრულად შევსებული ფორმა არ განიხილება

 

კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 22 ოქტომბერი. საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ევროს.

კატო მიქელაძის პრემიის მფლობელები:

2013 წელი - ეკატერინე აღდგომელაშვილი, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დამფუძნებელი
2014 წელი - მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ფონდის „ტასო“ გენერალური დირექტორი
2015 წელი - ლია უკლება, ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი
2016 წელი - ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი
2017 წელი - ქეთევან ხიდაშელი, ორგანიზაციის „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ დამფუძნებელი

დაასახელე კატო მიქელაძის პრემიის შემდეგი მფლობელი ელექტრონული ფორმით

იხილეთ გასული წლის დაჯილდოების ვიდეო