მიმდინარე გრანტი

საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა

ქალთა ფონდი საქართველოში ახორციელებს ახალ საგრანტო კონკურსს „საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „ფონდი ოქი“-ს ქალთა პროგრამა.

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში "ქალთა ფონდმა საქართველოში" გასცა 8 გრანტი. 

 

1.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ქალთა ხმები“

პროექტის სათაური: ქალთა დაკარგული ხმები - შშმ ბავშვების მარტოხელა დედების საჭიროებები თბილისსა და რეგიონებში

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა:  6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4550 დოლარი

პროექტის მიზანია თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები შშმ ბავშვების მარტოხელა დედების გამოცდილებების კვლევა და სოციალური კამპანიის წამოწყება კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები: შერჩეული რესპონდენტების ყოველდღიური პრობლემების შესწავლა; სოციო-პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების გავლენის ანალიზი მათ გამოცდილებებზე; ვიდეოების ჩაწერა, სადაც რესპონდენტები ისაუბრებენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; კვლევითი და ვიდეო მასალის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდება; აქტივისტური ჯგუფებისა და პოლიტიკის დოკუმენტზე მომუშავე პირებისთვის სწორი სტრატეგიის დასახვაში დახმარება და მათთან თანამშრომლობა. კვლევა ჩატარდება შემდეგ რეგიონებში: თელავი, გორი, ბოლნისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

 

2.აპლიკანტი: ქეთი კაპანაძე

პროექტის სათაური: განვითარების ეტაპი დოკუმენტური ფილმისთვის სამუშაო სათაურით „ლანა“

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა:  6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4140 დოლარი

ფილმის  მთავარი  პროტაგონისტი  21  წლის  ლანა  გორგაძეა.  ლანა,  ახალგაზრდა  ლესბოსელი ქალია,  რომელიც  საკუთარ  თემს  ფეხბურთის  გუნდში  პოულობს.  პროექტის  მიზანია  ფილმის  პირველადი  ვერსიის    (20  წუთი)  და  ტრეილერის  (3  წუთი)  შექმნა, რომელიც შეეცდება, ასახოს გოგონების ცხოვრება ემანსიპაციის რთულ  გზაზე.

 

3.აპლიკანტი: თანაზიარი

პროექტის სათაური: ერთად ქალების და გოგონების ულებების დასაცავად

რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია: სამეგრელოს რეგიონში მოქმედი ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა. ამოცანები: სემინარების  ჩატარება; სამუშაო და ინფორმაციის გაცვლითი შეხვედრების ჩატარება; ორგანიზაციის ვებ-გვერდის შექმნა; ორგანიზაციებზე ფილმის მომზადება . პროექტში ჩართული იქნება სამეგრელოს რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები, აგრეთვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქალთა ორგანიზაცია. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 4 სემინარი,  თემები: ორგანიზაციის ხილვადობა და ცნობადობის გასაზრდა;  არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კავშირების დამყარება;  ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; ფონდების მოძიება. ასევე შეიქმნება ერთობლივი  Facebook გვერდი, სადაც  განთავსდება ორგანიზაციების აქტივობებზე, გამოწვევებზე  და გამოცდილებაზე ინფორმაცია.

 

4.აპლიკანტი: „თანასწორობა 17“ და „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“

პროექტის სათაური: ფორუმ-თეატრი თანასწორი უფლებებისთვის

რეგიონი: თბილისი, ზუგდიდი

პროექტის ხანგძლივობა:  6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია - ქალების, ლგბტი თემის წევრების ხელშეწყობა დაიცვან საკუთარი უფლება, თავისუფალნი იყვნენ ღირსების დამამცირებელი მოპყრობისაგან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, თანასწორობის უფლების დარღვევისაგან. პროექტის ამოცანებია: ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელება-გაღრმავება; ადამიანის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, თანასწორობის იდეის მნიშვნელობის აქტუალიზება; სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ნიშნით უფლებების დარღვევის პროცესის დაკვირვება; სისტემურ ძალადობასთან გამკლავების წარმატებული სტრატეგიების, ტექნიკების ძიება, შეთავაზება, ათვისება. პროექტის ფარგლებში ჩატარდება 3 შეხვედრა ადამიანის უფლებების სფეროში აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ქალებთან, გოგონებთან, ლგბტი თემის წარმომადგენლებთან ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში. შეხვედრები წარიმართება ფორუმ-თეატრის სახით. ფორუმ-თეატრის ჩატარების სერტიფიცირებული სპეციალისტის ხელმძღვანელობით და ფსიქოლოგის ზედამხედველობით გათამაშდება ადამიანის უფლებების დარღვევის რეალური ისტორიები, რომლებიც ადაპტირებული იქნება ფორუმ-თეატრის ფორმატისთვის. შეხვედრის მონაწილეები ჩაერთვებიან გათამაშებაში - შეეცდებიან სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას, პრევენციას, აღკვეთას. შემდგომ გაიმართება დისკუსია, რომელსაც დაესწრება ფსიქოლოგი, იურისტი და მოხდება კონკრეტული ქეისის გარჩევა - ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებზე მსჯელობა, ერთად გამოსავლის ძიება.

 

5.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი “ემპARTია“

პროექტის სათაური: Fem’NArt -ფემინარტი, ქალთა ნარატივები არტ-თერაპიის მეშვეობით

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4380 დოლარი

პროექტის მიზანია რეგიონში მცხოვრები 18 – 35 წლის ქალების ფსიქო-ემოციური გაძლიერება არტ-თერაპიის მეშვეობით, და ქალთა ნარატივების და არტ ნამუშევრების წარდგენის მეშვეობით საზოგადოების ინფორმირება გენდერულად სენსიტიური თემების შესახებ. პროექტის  ფარგლებში დაგეგმილია 4 რეგიონში (იმერეთი, კახეთი, აჭარა, სამეგრელო) მცხოვრებ ქალთა ჯგუფებთან არტ-თერაპიული მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს: 1. მონაწილე ქალების მხარდაჭერას მცირე თუ დიდი სტრესორების იდენტიფიკაციისა და გადაჭრის გზების ძიების პროცესში 2. თვით-შეფასებისა და თვით-აღქმის გაძლიერებას ვორკშოპის შედეგად შექმნილი ნამუშევრების წარდგენით 3. გენდერულად სენსიტიური ტაბუდადებული ნარატივების გაჟღერებას, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას ამ „დაფარული“ საკითხების შესახებ. პროექტის მიმდინარეობა სამ ფაზად იყოფა: არტ-თერაპიული ვორკშოპი და მასთან დაკავშირებული აქტივობები, პროექტის მონაწილეების დამოუკიდებელი მუშაობა და საინიციატივო ჯგუფის მიერ მათი ამ პროცესში მხარდაჭერა, პროექტის შედეგებისა და პუბლიკაციის პრეზენტაცია - მონაწილეთა ნამუშევრების გაერთინება ერთ პუბლიკაციად.  პროექტის ბოლო ფაზაში მონაწილეთა ნახატებისა და ნაწერების კრებული დგება და იბეჭდება. საინიციატივო ჯგუფისა და პროექტის მონაწილეების ნამუშევრები აიტვირთება ონლაინ. მონაწილეთა სურვილისამბერ დაცული იქნება ავტორების ანონიმურობა.

 

6.აპლიკანტი: იდენტობა იუს

პროექტის სათაური: ანარესის აკადემმია

რეგიონი: ბათუმი

პროექტის ხანგძლივობა:  6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

ანარესი პლანეტა-მთვარეა ურსულა ლე გუინის რომანიდან „განპყრობილები“, რომელზეც კაპიტალისტური პლანეტა-მთავრიდან, ურასიდან გადახვეწილი ადამიანები თანასწორ, ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებულ საზოგადოებას აარსებენ. ანარესის საზოგადოება არაიერარქიული, არაძალადობრივი ანტიპროპერტარიანისტული საზოგადოებაა, რომელიც თავისუფალია გენდერული, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციისგან და რომლის თითოეული წევრს აღელვებს როგორც საზოგადოების თითოელი წევრი, ისე - საზოგადოება. პროექტის მიზანია მისი მონაწილეები აღჭურვოს იმ ცოდნებით, რომელთა ქონაც აუცილებელია გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისთვის ბრძოლაში: “ანარესის აკადემიის“ დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ ქალებისა და სხვა ჩაგრული ჯგუფების გათავისუფლებისთვის ხელის შემშლელი ინსტიტუტებისა და აქტორების ამოცნობას; გენდერული ბარიერებისა და ეკონომიკური ექსპლუატაცია-დეპრივაციის იდენტიფიცირებას, ძალადობისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და უთანასწორობის გლობალურ და ლოკალური წესრიგების კრიტიკულ ანალიზს. პროექტის ამოცანაა ტრენინგების, საჯარო ლექციების, სათემო შეხვედრებისა და კინო-ჩვენებების საშუალებით მიაღწიოს ზემოხსენებული მიზნის განხორციელებას.

 

7. აპლიკანტი:  მრავალფეროვანი და თანასწორი საქართველო

პროექტის სათაური:  ქისტ გოგონებში ფემინიზმის პოპულარიზება

რეგიონი: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჯოყოლო

პროექტის ხანგრძლივობა:  6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია ქისტი ახალგაზრდა გოგონების და ქალების სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა,  მათი გაძლიერება და  ჩართვა თემის განვითარების და ადვოკატირების პროცესში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების გზით. პროექტში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:  პანკისის ხეობის   სოფლის სკოლებში პრეზენტაციის  მოწყობა და პროექტზე ინფორმაციის  მიწოდება, გოგონებისათვის ტრეინინგების ჩატარება თემებზე -  დასავლური ფემინიზმი, ისლამური ფემინიზმი;  ქისტი გოგონების და  ქალთა მოძრაობის წევრების (ფემინისტების) ერთობლივი შეხვედრის მოწყობა;  შეხვედრების ჩატარება ქალთა საბჭოს წევრებთან და ლიდერ  ქალებთან.

 

8.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი - არტ კოლექტივი: გორგონები

პროექტის სათაური: მძინარე მედუზა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა:  6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4540 დოლარი

პროექტის მიზანია საქართველოში მოღვაწე ქალი არტისტების გაძლიერება და ხელოვნებისთვის ახალი პოლიტიკური მნიშვნელობის მიცემა. კონკრეტული ამოცანებია: მათთვის ერთიანი სამუშაო სივრცის შექმნა, რაც ჯგუფში მუშაობის, მდგრადი ერთობების და გამოცდილებების გაზიარების საფუძველი გახდება; მონაწილეების აღჭურვა უნარებით და ცოდნით, რომელიც დაეხმარება მათ სოციალური ცვლილებების აგენტებად იქცნენ; ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომელიც პრაქტიკული გამოცდილების მაგალითზე წაახალისებს ქალებზე სექსუალური ძალადობის და წნეხების წინააღმდეგ ბრძოლას.  ძირითადი აქტივობა პროექტის ფარგლებში გამოფენაა სახელად „მძინარე მედუზა“. მედუზა გორგონას ერთ-ერთი მითის მიხედვით მედუზა ზევსმა გააუპატიურა, რის გამოც ის (მსხვერპლი) ჰერამ დასაჯა და „ურჩხულად“  აქცია. მედუზა პოპულარულ კულტურაში ბოროტ კაცთმოძულე ქალად არის გამოყვანილი და მისი კონტექსტიც უცნობია. პროექტის ავტორების სურვილია არტისტებმა თავისი კონტექსტი შექმნან ამ მითის შთაგონებით და საკუთარი სხეულის, სექსუალობის და ცხოვრების ისტორია „მოგვითხრონ“ სარკეების გამოყენებით.  ნამუშევრები გამოიფინება საერთო გამოფენაზე პროექტის ბოლოს. სარკეზე მუშაობით  ინტენსიური თვითრეფლექსიის და საზოგადოების მხრიდან გარეგნობის, სექსუალობის და ზოგადი თვითშეფასების წნეხებთან ბრძოლის აქტიური ფრონტები იხსნება.

01 / 08 / 2019

დასრულების თარიღი

8

გაცემული გრანტები