ქალთა ფონდის ახალ ლიდერს,
ქალთა ფონდის გუნდს,
ქალთა ფონდის მხარდამჭერებს,
ქალთა ფონდის დაფუძნება საქართველოში, 2005 წელს, ფრიად გაბედული ნაბიჯი იყო, რაც მაშინ ჩემს თანამოაზრე ქალებთან ერთად გადავდგი და რასაც, დიდი ენთუზიაზმით შევეჭიდეთ. ბევრი სიხარული და ბევრი გამოწვევაც შეგვხვდა ამ გრძელ გზაზე, რომელიც რთულიც იყო და ამავე დროს გამამხნევებელი, ინსპირაციის წყაროც და იმედის მომცემიც, რომ ჩვენს ხელთ სერიოზული შესაძლებლობა გაჩნდა, რასაც საქართველოში ქალთა მოძრაობის მშენებლობაში თვალსაჩინო როლის შესრულება შეეძლო. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა დიდი პასუხისმგებლობით გამოიყენა ფონდის გუნდმა, რომელიც ამ წლების მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა, არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ პროფესიონალიზმის და კომპეტენციის კუთხით.
ჩვენი ფემინისტური სათქმელი, ის რაზეც საზოგადოებას ველაპარაკებით ღიად და საჯაროდ (და ამას ვაკეთებთ დაარსების დღიდან), ჯერ კიდევ მარგინალიზებული და საკამათოა ფართო აუდიტორიაში. საკითხი, რომლის მიმღებლობა გართულებულია, ჩვენზეც ბუნებრივად აისახება. ეს ხშირად მტკივნეული ამბავია ჩვენს ცხოვრებაში და ბევრჯერ ძალიან დრამატულადაც ასახულა შრომის, ბრძოლის, თუ ყოველდღიური ურთიერთობების აწყობის პროცესზე. ვინ იცის რამდენჯერ დაგვფლეთია გული, რამდენჯერ გვიფიქრია, რომ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რაღაც მიუღებელს ვამტკიცებთ, თავს ვახვევთ სხვებს იმას, რაც აქამდე არ იცოდნენ ან არ უნდოდათ სცოდნოდათ, რამდენჯერ გავუკიცხივართ, ძალაც კი გამოუყენებიათ ჩვენს გასაჩუმებლად. უარყოფის და წინააღმდეგობის გამკლავება დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ არ გავჩერებულვართ, არ გავჩუმებულვართ, პირიქით, კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით ვაკეთებდით ჩვენს საქმეს და დღეს, ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ფემინისტი აქტივისტების, ქალი უფლებადამცველების ხმა თუ უფრო და უფრო ძლიერად ისმის, ეს ჩვენი ფონდის დამსახურებაცაა, ჩვენს საგრანტო პარტნიორებთან ერთად.
ჩვენ გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო ეფექტურები ვიქნებით - იმ დიდ საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რომელსაც ფაქტობრივად, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ჩვენ ვჭირდებით და თან მრავალი მიზეზის გამო ვჭირდებით: იმისთვის, რომ ბევრი რამ ახალი გაიგონ, ბევრი რამ გადაიაზრონ, ბევრი ნათელი არგუმენტი მიიღონ იმაზე, რასაც გუმანით ისედაც ხვდებოდნენ, სხვისგან მოისმინონ ის, რის ამოთქმაც თვითონ ვერ შეძლეს, იმისათვის რომ გაძლიერდნენ, თავისუფალი მოქმედების სივრცე იპოვონ და თავისუფლად ისუნთქონ, შეაღწიონ იქ, სადაც ჯერ კიდევ არ უშვებენ. ამაზე როცა ვფიქრობ, სულ ცნობილი სიტყვები მახსენდება ფემინისტურ პოლიტიკასთან მიმართებაში ნათქვამი “მოდი დავიწყოთ, ისევ დავიწყოთ ფემინისტური მოძრაობა” (ბელ ჰუქსი). მოდი ამჯერადაც ახალი ძალით დავიწყოთ, დავიწყოთ ისე, რომ არ შევშინდეთ, რადგან, თუ რამის თავიდან დაწყება გვიწევს, ეს ნიშნავს, რომ შეცდომებს ვიაზრებთ, ვნიავდებით და ახლანდელ დროში ვიწყებთ ცხოვრებას.
ასევე გვჯერა, რომ ცვლილებები ყოველთვის იწყება ჩვენით - დღეს ქალთა ფონდი თავისი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადის, დღეს მას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ყავს, რომელთან ერთადაც ჩვენმა გუნდმა უკვე ბევრი სიახლე შემოიტანა ფონდის ყოველდღიურობაში, როგორც შიგნით, ისე ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში. დღეს ფონდს გამოკვეთილი პროგრამული მიმართულებები აქვს, აქვს საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსი, რომ კიდევ უფრო ეფექტური იყოს, ჰყავს ახალგაზრდა, ენერგიული და გონიერი ლიდერი, რომლის ხედვა და ინტერსექციური ფემინისტური ღირებულებები კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის ფონდის გავლენას ჩვენს საზოგადოებაზე.
ვულოცავ სალომეს ამ საპასუხისმგებლო და პრინციპულ დასაწყისს, ამ ჩქარ და მაცოცხლებელ მდინარეში შესვლას და ღრმად მჯერა, ამ გარდამტეხ ეტაპზე, ახალი ლიდერი ფონდის გუნდთან ერთად, ბევრი საფუძვლიანი სიხარულის და წარმატების მომტანი იქნება ფემინისტური მოძრაობის სასიკეთოდ ჩვენს ქვეყანაში.
დიდი მადლობა სალომეს, ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, რასაც ვიცი, ისევ გაბედულება სჭირდება, დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას თანამშრომლებს და საბჭოს მზაობისა და გულშემატკივრობისთვის და რაც მთავარია, დიდი მადლობა ფონდის ყველა მეგობარს და მხარდამჭერს, რომელთა რიცხვი საბედნიეროდ დიდია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში თუ კონტინენტზე. თქვენს გარეშე ჩვენ ვერაფერს შევძლებდით და ვერც ამიერიდან შევძლებთ!
აქვე, ისიც უნდა ვთქვა, რომ როგორც ფონდის უკვე ყოფილი ლიდერი, მოხარული და იღბლიანი ვარ, რომ ამ ცვლილების შემდეგ ფონდს არ ვტოვებ, საშუალება მეძლევა ჩვენს გუნდთან ერთად დავრჩე და ფონდის ერთ მიმართულებას, ფემინისტური რეზიდენციის პროექტის გამართვას მოვახმარო უფრო მეტი დრო და ენერგია. ჩემთვის ეს მართლაც დიდი პრივილეგიაა, რადგან გავაკეთებ იმას, რაზეც ვოცნებობდი და შევძლებ დავასრულო ის, რის დაწყებასაც ასევე დიდი გაბედულება სჭირდებოდა თავის დროზე. დიდი იმედი მაქვს ფემინისტური რეზიდენციის ამუშავებას მოკლე დროში შევძლებთ და ვახარებთ ჩვენს პარტნიორებს და მხარდამჭერებს.
დიდი სიყვარულით,
ნანა