თარიღი: 03/09/2018

თელავის ფემინისტური ფესტივალი

1-3 ივნისს, „ქალთა ფონდმა საქართველოში“ მეორე ფემინისტური ფესტივალი თელავში გამართა. წლევანდელი ფესტივალის სახელი იყო "ჩაგვრა და პრივილეგია" და მის მთავარ თემას წარმოადგენდა მჩაგვრელი სისტემების ურთიერთკვეთა.

სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ლექციები, ვორქშოპები, კონცერტი, ფილმების ჩვენება და სხვ.

ფესტივალის აკადემიური ნაწილი მიეძღვნა ინტერსექციულობაზე მსჯელობას: კონცეპტის, ისტორიის, კონტექსტისა და შედეგების მიმოხილვას ფემინისტური პოლიტიკისთვის; ფონდის გრანტის მიმღებებმა და პარტნიორებმა არაერთი საინტერესო კვლევა და პრეზენტაცია წარმოადგინეს: „ეკო-მიგრაციის გენდერული ასპექტები“; „როგორ ქმნის შრომა ქალებს საქართველოში - 1990 წლიდან დღემდე”; შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია - საქართველოს მაგალითი”; „ფემინისტური აუდიობიბლიოთეკა უსინათლო და მცირემხედველი ქალებისათვის“;  „ქალთა და გენდერის ნიშნით ძალადობა: ლბტ ქალების სპეციფიკა”; "ბარბარე ერისთავი - მწიგნობრობის ტრადიცია, ენობრივი უწყვეტობის იდეა
და პასუხი ზოგიერთ კითხვაზე”.

დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ახალი პლატფორმებისა და ვებ-გვერდების გაცნობასაც, როგორებიცაა: „ყველაფერი შენ შესახებ“. Allabout.ge ეხება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებს და მისი სამიზნე აუდიტორია საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები არიან. ფესტივალზე გაიმართა პლატფორმის „ქალები საქართველოდან“ პირველი  საჯარო  პრეზენტაციაც და დამსწრეებს ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ წიგნს „ვის ეშინია ფემინიზმის“.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო არაფორმალური აქტივობებიც, რომელიც დატვირთული იყო ფიზიკური უსაფრთხოების, იოგის ვორქშოპებით, ფილმის ჩვენებებით, ფემინისტური ცოცხალი ბიბლიოთეკით და ა.შ.

საერთო ჯამში, ფესტივალს დაესწრო ასამდე ფემინისტი, აქტივისტი, მკვლევარი, ქალი უფლებადამცველი, სტუდენტი და სხვა ადამიანი, რომლებსაც წარმოდგენილი თემები აინტერესებდა.

 

საიტის ავტორია:   Neo Solvox