მიმდინარე გრანტი

საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა

1.აპლიკანტი: კახეთის ბოშათა გაერთიანება „რომა“

პროექტის სათაური: ბოშა ქალთა ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა

რეგიონი: დედოფლისწყარო, სოფ. ჭოეთი - ლენინოვკა

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

ბოშათა თემში ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გენდერული უთანასწორობაა და პროექტი მიზნად ისახავს ამ უთანასწორობასთან ბრძოლას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის თანამშრომლები ბოშათა თემში სხვადასხვა ადგილზე ჩაატარებენ შეხვედრებს, აირჩევენ აქტიურ ახალგაზრდა ქალებს, მოეწყობა კამპანია გამოფენა, ჩატარდება ტრენინგ სემინარი, რომლის მიზანია ბოშების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, ლიდერების გამოვლენა და მათი დასაქმება. გარდა ამისა, ტრენინგ სემინარები ხელს შეუწყობს ბოშების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ცნობიერების ამაღლებას. ტრენინგ სემინარები ჩატარდება გარდაბნის რაიონის სოფ. ვაზიანის ბოშათა დასახლებაში, ქუთაისში, ქობულეთში და თელავში. დამზადდება ბოშა გოგონების ცხოვრებისეული ვიდეო რგოლი; მოეწყობა მრგვალი მაგიდა, სადაც მოწვეული იქნებიან ბოშათა თემის წარმომადგენლები და სამთავრობო უწყებები.

 

2.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი: ხელოვნება ქალთა უფლებებისთვის

პროექტის სათაური: ფემინისტური ტური

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია ფემინიზმზე და ქალთა უფლებებზე საჯარო საუბრის პროვოცირება ისეთ ადგილას, რომელიც ტრადიციულად არ წარმოადგენს ამგვარი საუბრის ადგილს. ამ შემთხვევაში - სოფლის ავტობუსები. ფემინიზმის და ქალთა უფლებების თემაზე დისკუსიების ჩატარება სოფლის ავტობუსებში იქნება მისვლა იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვერასდროს ვიხილავთ საკონფერენციო დარბაზებში, კინო-ჩვენებებზე, სემინარებზე და ასე შემდეგ. ეს ის ქალები არიან, რომლებსაც პრაქტიკულად არ მიეწოდებათ არანაირი ინფორმაცია თავიანთ უფლებებზე. არც დრო აქვთ და არც საშუალება რომ ჩაერთონ ღონისძიებებში და იმყოფებიან სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. მათ საშუალება ექნებათ ამ გარემოში ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი შეხედულებები და დააფიქსირონ თავიანთი აზრი, მოუსმინონ კომპეტენტურ გამომსვლელს და მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

 

3.აპლიკანტი: სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

პროექტის სათაური: სოციალური მუშაკების უფლებების სკოლა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია ქალი დასაქმებული და დროებით უმუშევარი სოციალური მუშაკების პროფესიული ქსელის შექმნა შრომითი უფლებების დაცვის სამეთვალყურეოდ და რეაგირებისთვის. ამოცანები: სოციალური მუშაკების რეკრუტირება და საჭიროებების გამოკვეთა, გადატრენინგება პროფესიული კავშირისა და შრომითი უფლებების შესახებ, ლიდერების გამორჩევა, ქალთა საჭიროებების გამოკვეთა, ანალიზი, ადვოკატირება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: შრომით უფლებებში სპეციალიზებული იურისტის მოძიება, დაკავშირება, ტრენინგ მოდულის შექმნა შრომითი უფლებების შესახებ სოციალური მუშაკების პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე, 5-7 თანამშრომლის გადატრენინგება აღნიშნულ საკითხებში; აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით მოქმედი და მომავალი (სტუდენტი) სოციალური მუშაკების თემის მობილიზაცია; ჩატარდება 10 ერთდღიანი ტრენინგი შრომითი უფლებების შესახებ საქართველოს 8 რეგიონში: კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში. მოხდება სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის საქმიანობის, მიზნების გაცნობა.

4.აპლიკანტი: ქალთა მზერა

პროექტის სათაური: ქართული ფემინისტური დღისწესრიგის გაძლიერება კრიტიკული ფემინისტური მედია პლატფორმის შექმნის გზით

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

ქალთა მოძრაობა საკმაოდ მყიფე და არაშეკავშირებული ერთობაა, რომელსაც არ აქვს გამოკვეთილი პოლიტიკური დღისწესრიგი და გეგმა არამარტო ვიწროდ ქალთა საკითხებთან, არამედ კონტექსტში აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემებსა და კონსერვატიულ ძალებთან დაკავშირებით. მედიაში რომელიც უკიდურესად პოლარიზებული და პოლიტიზირებულია არ ხდება ქალთა მოძრაობის პოზიტიურად პოზიციონირება. სოციალური მედია და სატელევიზიო სივრცე ქალი აქტივისტების და ქალთა საკითხების გაპაროდიულებით და დისკრედიტაციითაა დაკავებული. სასიცოცხლოდ საჭიროა პოლიტიკურ მითებზე მოლაპარაკე ქალების პლათფორმა, ნაკლებად პოლიტკორექტული და მეტად პოლიტიზირებული, რევოლუციური ენით საუბარი და აგრესორი აქტორების საზოგადოებრივი იმიჯის დეკონსტრუქცია ფემინისტური პერსპექტივით. პროექტის მიზანია მედიაში მომძლავრებული კონსერვატიული ნარატივების ფემინისტური ანალიზი პოდკასტების მეშვეობით. ასევე, მიზნად ისახავს ქართულ ონლაინ მედია სივრცეში გამოჩნდეს ფემინისტური კრიტიკა ყველა მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესზე.

 

5.აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „გორგონები“

პროექტის სათაური: დედა - ადამიანი?!

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია 14-დან 24 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ქალთა ორმაგი შრომის შესახებ. პროექტი გულისხმობს, არსებული ლიტერატურისა და კვლევების მიმოხილვის, სტატისტიკის მოძიების შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით კომიქსის შექმნას, რომელიც დაფუძნებული იქნება ქალის ყოველდღიური შრომის საკითხზე, როდესაც ქალს უწევს დროისა და რესურსების გადანაწილება იმისთვის, რათა თანაბრად პირნათლად შეასრულოს დედის, შვილის და მეუღლის სოციალურ-კულტულურ ჩარჩოში მოქცეული ფუნქციები. კომიქსი ქალის შრომას წარმოადგენს სუპერ-ძალად, არა როგორც მისაბაძ, არამედ დამღლელ, პიროვნების გამომფიტავ ძალად, რომლის გადაჭრის ერთადერთი გზა ამ შრომის გადანაწილებაა.

 

6.აპლიკანტი: მშობელთა მხარდამჭერი ცნტრი

პროექტის სათაური: ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების/ქალების გაძლიერებისთვის

რეგიონი: ლანჩხუთი, სოფ. ჭანჭანთი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტი მიზნად ისახავს კახეთისა და გურიის ორ-ორ მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ჩოხატაური, თელავი, ლაგოდეხი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებისა და ქალებისთვის შექმნას თანასწორი შესაძლებლობები და პირობები სტატუსის მინიჭების კუთხით (2018 წლის კვლევის შედეგად დაფიქსირდა ტენდენცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის სტატუსის მინიჭება უფრო ხშირად ხდება ბიჭებში ვიდრე გოგონებში). სტატუსის მინიჭება გაზრდის ქალების ხელმისაწვდომობას სოციალურ, ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე. პროექტის ამოცანებია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოების/ქალების და მათი მშობლების ცოდნის გაზრდა გოგოების სქესობრივ მომწიფებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამართლებრივ და საგანმანათლებლო ასპექტებზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებთან/ქალებთან მომუშავე სპეციალისტების, საჯარო მოხელეების ცოდნის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოების/ქალების სქესობრივ საჭიროებებზე და ამ საჭროებების სამართლებრივ ასპექტებზე.

 

7.აპლიკანტი: საფარი

პროექტის სათაური: სექსუალურ დანაშაულზე ცოდნის გაზრდა პროკურორებსა და მოსამართლეებთან

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

ძალადობის მსხვერპლებთან საფარის მუშაობის დიდხნიანმა გამოცდილებამ გადააწყვეტინა ორგანიზაციას შეიმუშაოს პროექტი, რომლის მიზანია, სექსუალურ დანაშაულებზე ცოდნის ამაღლება, ასევე ამ საკითხის მიმართ პროკურორების და მოსამართლეების მგრძნობელობის შექმნა კომპლექსური (ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი და მრავალშრიანი) მიდგომით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავის კომენტარების შემუშავება, რისთვისაც ორგანიზაცია გეგმავს შექმნას სამუშაო ჯგუფი მკვლევარების და პრაქტიკოსების (პროკურორების, მოსამართლეების, ექსპერტების) მონაწილეობით. 2. ჩაატაროს კვლევა აღნიშნულ თავში მოცემული დეფინიციების, ტერმინების ინტერპრეტაციების საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან მიმართებაში. 3. კომენტარების გამოცემა, როგორც ბეჭდური ვერსიის, ისე ონლაინ (ტირაჟით 200). 4. მრგვალი მაგიდის დისკუსიების მოწყობა 10 მოსამართლესთან (სისხლის სამართალის); ასევე, 15 პროკურორთან.

7

გაცემული გრანტები

საიტის ავტორია:   Neo Solvox